სერგი კაპანაძე - მეორეხარისხოვანია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, იმას კი არ ვამბობთ, რომ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას
სერგი კაპანაძე - მეორეხარისხოვანია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, იმას კი არ ვამბობთ, რომ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას

მეორეხარისხოვანია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, იმას კი არ ვამბობთ, რომ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.

მისივე თქმით, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენი ამომრჩევლის ხმა აქვს მათ პარტიას დაკარგული.

„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ 8 000-მდე კარუსელი იყო და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კარუსელში ჩაბმული ყავდათ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მანამდე სხვა პარტიას აძლევდა ხმას, შემდეგ აკონტროლებდნენ ამ კარუსელის მეშვეობით, ის ადამიანი იყო მოსყიდული ან მასზე ზეწოლა იყო განხორციელებული, ეს ნიშნავს, რომ რიცხვები საერთოდ არეულია. ძნელი სათქმელია, ვის რამდენი პროცენტი ჰქონდა.

ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი ამბავია, ვინ რამდენი პროცენტი აიღო, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ მეტ პროცენტს ვიმსახურებდით, არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას. ესაა საბოლოო, რაც აქედან ჩანს.

შეუძლებელია, გაიგო, ადამიანი, რომელიც დააშინეს, ვის უჭერდა მხარს და ვისი მომხრე იყო. შეუძლებელია ამის გარკვევა. ამიტომ, ეგ საკითხი ჩვენთვის არარელევანტურია“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძის თქმით, დამკვირვებელი ორგანიზაციებიდან არ ყოფილა არც ერთი დასკვნა, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდა.

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება, ასევე „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა, რომელიც ამბობს, რომ 80%-იანი აცდენაა გამოქვეყნებულ და რეალურ შედეგებს შორის; ვიხილეთ განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს არის საბოლოო შედეგებზე სერიოზული გავლენის მომხდენი; ვნახეთ NDI-ის დასკვნა, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევების ქვეშ ჩატარდა. რაც მთავარია, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასკვნა, რომელიც იტყვის, რომ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდა. ეს არის ხოლმე მთავარი კრიტერიუმი და მთავარი შეფასება, რომელიც გულისხმობს კარგი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროდ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შეფასება ამ არჩევნებს არ მიუღია.

გუშინ გვქონდა შეხვედრა ეუთო/ოდირი-ს წარმომადგენლებთან და მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხს ხალხი წყვეტს და არა სადამკვირვებლო მისია, მით უმეტეს, სადამკვირვებლო მისია, რომელიც არასრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.