სერენა უილიამსმა აშშ-ის ღიას შარშანდელი ფინალი გაიხსენა
სერენა უილიამსმა აშშ-ის ღიას შარშანდელი ფინალი გაიხსენა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა, მოდების ჟურნალ „ჰარპერს ბაზაარის“ (Harper’s Bazaar) აგვისტოს ნომრისთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, სერენამ ჟურნალს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გაიხსენა 2018 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალის დროს მომხდარი მოვლენები.

„იმ ფინალის შემდეგ, ყოველღამე ვფიქრობდი – როგორ შეძლეს მათ ჩემი თამაშის გაფუჭება „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში? მე რომ მამაკაცი ვყოფილიყავი, მოვხვდებოდი ანალოგიურ სიტუაციაში? რაშია განსხვავება? იმაში, რომ მე ქალი ვარ და არა მამაკაცი? დღეები გადიოდა, მე კი სიმშვიდეს ვერ ვპოულობდი. ამიტომაც მივმართე თერაპევტს. ვეძებდი პასუხებს ჩემს კითხვებზე. მართალია, ვპროგრესირებდი ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც არ ვიყავი მზად იმისათვის, რომ ჩოგანი ხელში ამეღო“, – განაცხადა სერენამ.

2018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსმა გაფრთხილება მიიღო მთავარ არბიტრ კარლოს რამოსისგან, რის შემდეგაც ჩოგბურთელმა მას მატყუარა და ქურდი უწოდა, და სექსიზმში დაადანაშაულა.