სერენა უილიამსი - მე ემოციის გამოხატვის ნაკლები ლიმიტი მაქვს, ვიდრე თეთრ მამაკაცს
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა გაიხსენა აშშ-ის ღია პირველობაზე მომხდარი სკანდალი, როცა იაპონელ ნაომი ოსაკასთან დამარცხდა. მატჩის მსვლელობისას მან მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ქულისა და გეიმის ჩამოკლებით დაისაჯა.
„აშშ-ის ღიაზე ბევრი რამ მოხდა“, – მოჰყავს ამერიკელის სიტყვები ჟურნალ GQ-ს, – „სამ-ოთხ რამეზე დავფიქრდი, რაც თავს გადამხდა, განსაკუთრებით ბოლო რაუნდებში. ასეთ მომენტებში ადამიანი იმაზე მეტად მგრძნობიარე შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ. როცა ექსტრემალური სიტუაცია რამდენჯერმე გაქვს გამოვლილი, დგება მომენტი, როცა აფეთქდები და თავს ვეღარ იკავებ. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს როგორ, იყო ყველაფერი. არ მიფიქრია ამაზე. ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. ვცდილობ ვიცხოვრო, როგორც საპნის ბუშტში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. არ მინდა ყურადღება მივაქციო სხვა ადამიანების აზრებს. დაე იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ბევრ ადამიანს საერთოდ არაფერი ესმის. რაც შეეხება კარნახს ტრიბუნიდან, თუ მეუბნებით, რომ ეს ჩემი გუნდიდან მოდის, გიპასუხებთ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. ჩვენ უნდა მოვიგოთ ან წავაგოთ, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ღირსეულად. ასე ვიქცევი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. მე შავი ქალი ვარ და ჩემთვის ემოციების გამოხატვის ლიმიტი დაბალია, ვიდრე თეთრი მამაკაცის. ეს ფატია. ასეთი სიტუაციაა დღეს მსოფლიოში“.