სერბეთის პრეზიდენტი - იოვიჩს დააპატიმრებენ, თუ ისევ დაარღვევს კარანტინს
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მკაცრად გააკრიტიკა „რეალის“ ფორვარდი ლუკა იოვიჩი და „ასკოლის“ ნახევარმცველი ნიკოლა ნინკოვიჩი კარანტინის წესების დარღვევისთვის.
„ეს ახალგაზრდა ადამიანები – მილიონერები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ, მაგრამ ასე არ არის. კანონის დამრღვევები უნდა დაისაჯონ. ეს არის ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გაკეთდეს – დაისაჯონ ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭებს, რომლებიც ნანობენ თავიანთ საქციელს, უკვე შეატყობინეს ამ საფრთხის შესახებ და ჩვენ თავიდან ავიცილებთ რადიკალურ ზომებს. ახლა, ორივე იმყოფება იზოლაციაში და მათ აუცილებლად დააპატიმრებენ, თუ იქიდან წასვლას გადაწყვეტენ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
იოვიჩმა და ნინკოვჩმა დაარღვიეს თვითიზოლაციის წესები: სერბეთში მოქმედებს 28-დღიანი კარანტინი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმ ქვეყნებიდან ჩავიდნენ, სადაც ყველაზე მეტად არის გავრცელებული კორონავირუსი.