სენეგალის ნაკრების მწვრთნელი - ინგლისის მეორე გოლმა გაგვტეხა #1TVSPORT
სენეგალის ნაკრების მწვრთნელი - ინგლისის მეორე გოლმა გაგვტეხა #1TVSPORT

სენეგალის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალიუ სისემ განაცხადა, რომ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში მისი გუნდი ინგლისის ნაკრების მეორე გოლმა გატეხა.

სენეგალის ნაკრები ინგლისელებთან 0:3 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა. მეორე გოლი სენეგალს ჰარი კეინმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გაუტანა.

„რთული მატჩი იყო. ბრიტანელებმა შესანიშნავი ფიზიკური თვისებები გამოავლინეს. დღეს 2-3 მოთამაშე გვაკლდა, რომლებიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს. თამაშმა აჩვენა, რაც ჯერ კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მსოფლიო დონის ოთხი საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთს დავუპირისპირდით. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მატჩი, რათა გავაგრძელოთ წინსვლა.

შესვენებამდე მეორე გოლის გაშვება მძიმე იყო. კეინმა ყველაზე ცუდ მომენტში გაგვიტანა. ჩვენ დავუშვით შეცდომები, ბურთს ისეთ პოზიციებზე ვკარგავდით, რაც ასეთი დონის გუნდებთან დაუშვებელია. მესამე გოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა შედეგი, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა მეორე გოლმა მთლიანად შეცვალა, ჩვენზე ძალიან იმოქმედა და გაგვტეხა.

თუმცა, ტურნირზე გუნდის თამაშით ვამაყობ. ამ ბიჭებთან მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი მოთამაშეები გვაკლდა, მაგრამ ბიჭების ძალისხმევა და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ძალიან ვამაყობ მათი თამაშით“, – ამბობს ალიუ სისე.

ტურნირის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 10 დეკემბერს შედგება.