საქველმოქმედო მატჩი და კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად - ვარშავაში „ლეგია“ კიევის „დინამოს“ შეხვდება #1TVSPORT
საქველმოქმედო მატჩი და კონცერტი უკრაინის მხარდასაჭერად - ვარშავაში „ლეგია“ კიევის „დინამოს“ შეხვდება #1TVSPORT

12 აპრილს ვარშავაში, „ლეგიას“ სტადიონზე, გაიმართება საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი მშვიდობისთვის #StopWarInUkraine პოლონეთის „ლეგიასა“ და კიევის „დინამოს“ შორის. ღონისძიებას გადასცემენ პოლონური და უკრაინული მაუწყებლები.

ეს იქნება საქველმოქმედო ღონისძიებების სერიის პირველი მატჩი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად თანხების შეგროვებას ისახავს მიზნად. ბილეთების გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი, ისევე როგორც შემოწირულობები, რომლებიც მიიღება სატელევიზიო მაუწყებლობის დროს, მოხმარდება უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო წარმოიშვა.

კერძოდ, თანხა გადაირიცხება უკრაინის ეროვნულ ბანკში არსებულ ოფიციალურ ანგარიშებზე, ხოლო თანხები მოხმარდება საომარი მოქმედებების გამო დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილის მოწყობას, საკვებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, მედიკამენტებითა და სამედიცინო პრეპარატებით, ასევე აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

ფეხბურთის მატჩის გარდა, ღონისძიების მონაწილეები იქნებიან მთელ მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი მსახიობები – ტინა კაროლი, იულია სანინა (The Hardkiss), კატერინა პავლენკო (Go_A) და ნადია დოროფეევა. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ სტადიონზე დამსწრე სტუმრებიც – უკრაინელი ქალები და ბავშვები, რომლებიც ომის გამო იძულებული გახდნენ დროებით დაეტოვებინათ სახლები და ახლა პოლონეთმა შეიფარა.

პროექტის მატჩი მშვიდობისთვის #StopWarInUkraine-ის ინიციატორები არიან საფეხბურთო კლუბი კიევის „დინამო“ და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგი 1+1 მედია. პროექტი ხორციელდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.