საქართველოს რაგბის კავშირის მიერ შემუშავებულ ახალ ფორმატზე უცხოური მედია წერს
ვებ გვერდი რაგბიპასი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საქართველოს რაგბის კავშირის მიერ შემუშავებული და მსოფლიო რაგბისთვის შეთავაზებული ახალი ტურნირის ფორმატზეა საუბარი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის წინადადებამ ახალი 12-გუნდიანი მსოფლიო ლიგის შექმნის შესახებ საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით საქართველოსა და ოკეანეთის ქვეყნებში, რომლებიც ამ 12 წამყვან გუნდში ვერ მოხვდნენ.
გთავაზობს რაგბიპასის სტატის უცვლელად:
„მსოფლიო რაგბის ახალმა წამოწყებამ, რომლის მიხედვით 2022 წლიდან ახალი მსოფლიო ლიგის გათამაშება უნდა დაიწყოს, ერთი მნიშვნელოვანი თემა წამოწია წინ: რამდენად უმნიშვნელოა პატარა ქვეყნების ხმა გლობალურ სპორტში.
ფულის ხმა ნამდვილად ყველაზე ხმამაღლა ისმის და თუ ის არ გაქვს, შენი აზრი უბრალოდ არავის აინტერესებს.
მიუხედავად ამისა, სანამ 5 აპრილი დადგება და ცნობილი გახდება, თუ როგორი იქნება მომდევნო წლების სარაგბო კალენდარი, დროა რამდენიმე ალტერნატიულ შემოთავაზებას მივაქციოთ ყურადღება და გავარკვიოთ, არსებობს თუ არა უკეთესი ვარიანტი, ვიდრე ამჟამად შემოთავაზებული სამი 12-გუნდიანი ლიგა.
საქართველო რანგით მეორე დივიზიონის ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც განვითარება სწყურია და, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ისინი ისევ გახდნენ ექვსი ერის მეორე დივიზიონის ჩემპიონები, უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენლები მათ ახლოს ჯერ მაინც არ უშვებენ. გამონაკლისი მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
4 მატრს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ტვიტერი შეაჯანჯღარა, როდესაც მისი ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ „ცხვირაწეული რეტროგრადი ოფიციალური პირები“ უსამართლოდ ექცევიან ქვედა დივიზიონის გუნდებს.
ახლა, თითქმის ორი კვირის შემდეგ, ქართული რაგბის კულუარებიდან გვთავაზობენ ახალ ფორმატს, რომელიც, ავტორების აზრით, მსოფლიო რაგბიმ უნდა გაითვალისწინოს.
მათ მიაჩნიათ, რომ უნდა იყოს სამი რვაგუნდიანი და არა თორმეტგუნდიანი ლიგა:
- თავდაპირველად ჩვენ გვყავს რვა წამყვანი გუნდი. მიმდინარე რეიტინგის მიხედვით, ესენია ექვსი ერის ხუთი თავდაპირველი წევრი (იტალიის გარეშე) და რაგბი ჩემპიონშიფის სამი თავდაპირველი წევრი (არგენტინის გარეშე);
- პირველი რვაგუნდიანი ლიგა იწყება ახალი ზელანდიით და მთავრდება საფრანგეთით. მეორე ლიგა იწყება ფიჯით და მთავრდება ურუგვაით;
- ტურნირი დაიწყება თებერვალ-მარტში, როდესაც იქნება სამი ან ოთხი რაუნდი. თითოეული გუნდი მთლიანად ითამაშებს შვიდ მატჩს. ეტაპი დასრულდება ივნისში, როდესაც გუნდები დარჩენილ სამ ან ოთხ მატჩს ჩაატარებენ;
- შვიდი რაუნდის შემდეგ, ცნობილი გახდება, რომელი გუნდები იქნებიან ზედა ოთხ და ქვედა ოთხ ადგილზე რვაგუნდიან ლიგაში;
- საუკეთესო ოთხი გუნდი ერთმანეთს კიდევ ეთამაშება სამ რაუნდად, რათა გაირკვეს გამარჯვებული. ეს მოხდება შემოდგომაზე;
- რაც შეეხება ქვედა ოთხ გუნდს, ისინი შეხვდებიან მეორე რვაგუნდიანი დივიზიონის ზედა ოთხ გუნდს;
- სეზონის დასრუების შემდეგ ახალი რვაგუნდიანი დივიზიონები შედგება შეგროვებილი ქულების მიხედვით”.