საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრებმა სომხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობთ არსებობის ისტორიაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ყველაზე თვალშისაცემი ის იყო, რომ ასეთი სწრაფი, თანამედროვე და გააზრებული ფეხბურთი საქართველოს ქალთა ნაკრებს აქამდე არ უთამაშია – გუნდი შეტევებში სისწრაფესა და ტექნიკაში უპირატესობას შესანიშნავად იყენებდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ანგარიში 24-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიხსნა – თინათინ ამბალიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. 32-ე წუთზე გვანცა ქადაგიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ნათია დანელიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო  ხატია ჭყონიამ (ისევ ქადაგიშვილის გადაცემით) ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური გახდა – 3:0.

მეორე ტაიმში ორივე გუნდში ცვლილებები მოხდა და ტემპი დაეცა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარში კიდევ ორი ბურთი გაიტანა და საბოლოოდ 5:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ქალთა ნაკრებმა გოლი აზერბაიჯანთან თბილისში მოგებულ (3:2) ამხანაგურ შეხვედრაში 2021 წლის 11 ივნისს გაიტანა.

საქართველოს და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგურ შეხვედრას 16 ივლისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.


საქართველო – სომხეთი 5:0


გოლები: ამბალია (24. ბაქრაძის პასით), 2:0 დანელია (32. ქადაგიშვილის პასით), 3:0 ჭყონია (45+2. ქადაგიშვილის პასით), 4:0 ბაქრაძე (64), 5:0 პასიკაშვილი (81. მაიკო ბებიას პასით)