საქართველოს ქალთა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ „ოქჟეტპესი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა
„ლანჩხუთმა“ უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე სტუმრად ყაზახური „ოქჟეტპესი“ 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა ბიბიგულ ნურუშევას გოლით გახსნეს. „ლანჩხუთმა“ ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე ხატია ჭყონიას გოლით შეძლო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება დამატებით დროში მოიპოვა, 95-ე წუთზე ხატია ჭყონიამ დუბლი შეასრულა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქართული ქალთა გუნდი გახდა, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ლანჩხუთელები უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს ჩაატარებენ. შეხვედრის თარიღი და მეტოქე 6 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.
ოქჟეტპესი-ლანჩხუთი 1:2
გოლები: 1:0 ნურუშევა (5), 1:1 ჭყონია (62), 1:2 ჭყონია(95)
ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ალელიშვილი, გასვიანი, დანელია (119. კახიძე), თოდაძე, ხაბურძანია, დიმოპულუ (89. ნარსია), ჭყონია
სათადარიგოები: მჟავია, გობრონიძე, გოგეშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
მსაჯები: ჯანსუ თრიაქი (თურქეთი)
გაფრთხილება: ვლასოვა (72)
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, „ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.