საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) გაავრცელა განმარტება ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვასა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებებზე, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართველ ჩოგბურთელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება ჰქონდა და მას ეს შესაძლებლობა უყურადღებობის გამო დაუკარგეს. სეოკ-ის განცხადებას საქართველოს პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ:

გავეცანით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერის ოქსანა კალაშნიკოვას გულწრფელი წუხილი იმის თაობაზე, რომ „განაცხადი არ გააგზავნეს“ და ამის გამო თავის მეწყვილესთან ერთად ვერ მიემგზავრება ოლიმპიადაზე.

ჩვენთვის გასაგებია კალაშნიკოვას ემოციური დამოკიდებულება შექმნილი რეალური ვითარების გამო, როცა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ლიცენზია მიენიჭა ჩოგბურთელებს, რომლებიც ოფიციალური რეიტინგით ჩამორჩებიან ქართულ წყვილს.

იმის ნაცვლად, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიემართა და შესაბამისი განმარტება მოეთხოვა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თითს სეოკ-ისკენ იშვერს – ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ოლიმპიურმა კომიტეტმა „უმოკლეს ვადაში“ უნდა დაადგინოს, ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდითო.

ფედერაციას საქმის გაკეთებად ის მიაჩნია, რომ სეოკ-ს გამოუგზავნა პოტენციური ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რომელიც სეოკ-მა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაწოდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დადგენილი ფორმით და წესით. ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მარტში მოხდა, ვიდრე ეს ფედერაციის განცხადებაშია მითითებული.

მოგვიანებით, 16 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ორგანიზაციას – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მისი პრეზიდენტის, ხვიჩა მაქაცარიას სახელზე გამოგზავნილი წერილით აცნობა (წერილის ასლი სეოკ-მაც მიიღო), რომ ქართველთაგან, მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერგო. იქვე განმარტებულია წყვილთა თანრიგში ლიცენზიების განაწილების კრიტერიუმები.

უტყუარი ფაქტია, რომ ქართული წყვილი იმ მომენტისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც არ შეიყვანა ლიცენზიანტთა სიაში. სეოკ-ს არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდა, მიემართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის და მოეთხოვა ჩვენი წყვილისთვის ლიცენზიის მინიჭება. რა მოხდა 16 ივნისის შემდეგ, რომელი წესისა და დებულების საფუძველზე განაწილდა ლიცენზიები წყვილთა თანრიგში, ეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა და თუ რაიმე არასწორად გაკეთდა, პასუხი უპირველესად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა მოითხოვოს.

თავის მხრივ, სეოკ-ი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ქართველი სპორტსმენი წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და, თუ ამის შანსი და საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს, ზემდგომი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ლიცენზიის გადმოცემა.

დიახ, ეს არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა. ოლიმპიურ ლიცენზიების ანაწილებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ამასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მით უმეტეს – არც სეოკ-ს.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტი მხოლოდ კვოტებს აწესებს სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის, დანარჩენი კი შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება.

მოკლედ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ჩოგბურთის გულშემატკივრებმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ სწორედ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე: რატომ გაჩნდა ეჭვები ქართული წყვილის მიმართ მიღებულ შესაძლო უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართა ჩვენმა ფედერაციამ ამ საკითხის გასარკვევად.


წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი