თეა წულუკიანი - ქართველი სპორტსმენებისთვის 2023 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი იყო #1TVSPORT
თეა წულუკიანი - ქართველი სპორტსმენებისთვის 2023 წელი ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი იყო #1TVSPORT

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, 2023 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი იყო.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის დაჯილდოებაზე მინისტრმა ჯილდო – „ქართული სპორტის სიამაყე“ – ლეგენდარულ სპორტსმენს, ნინო სალუქვაძეს გადასცა, რომელიც ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიადზე იასპარეზა.

„2023 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხვმოსავლიანი იყო. ამისთვის მადლობა ეკუთვნის თითოეულ ფედერაციას და სპორტსმენებს – ქალებსა თუ კაცებს, ვინც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე სიამაყის გრძნობა გაუჩინა.

საბედნიეროდ, 2023 წელს სპორტული გამარჯვებების სია საკმაოდ ვრცელია. ჩვენ ყველას ვუსურვებთ, ისევე როგორც პარასპორტის წარმომადგენლებს, რომ მომავალი ოლიმპიური წელი წარმატებული ყოფილიყოს. შესაბამისი ფედერაციებისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აქედანვე ვემზადებით, რომ 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დიდ გამარჯვებებს მივაღწიოთ.

ეს სევდანარევი სიხარულიცაა, რადგან წელს ვაჯამებთ ჩვენი ლეგენდარული კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარეშე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ფედერაციას და თითოეულ სპორტსმენს. იმედია, მომავალ წელს საქართველო თავისი სპორტსმენებით კვლავ იამაყებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.