„სან ანტონიოში“ გრეგ პოპოვიჩის ადგილს მანუ ჯინობილის უწინასწარმეტყველებენ #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ექსპერტთა უმრავლესობა გრეგ პოპოვიჩს „სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლას უწინასწარმეტყველებს. ეს 2021-22 წლების სეზონის შემდეგ მოხდება.
72 წლის სპეციალისტს 26 მატჩის მოგება რჩება იმისთვის, რომ გაუსწროს დონ ნელსონს და NBA-ის ისტორიაში მწვრთნელებს შორის ლიდერი გახდეს მოგებების რაოდენობით. დღეისთვის პოპოვიჩი მესამე ადგილზეა 1310 მოგებით. ის ჩამორჩება დონ ნელსონსა (1 335) და ლენი უილკენსს (1 332).
პოპოვიჩის ადგილზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ „სპურსის“ ყოფილ მოთამაშეს მანუ ჯინობილის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეურთდა „სან ანტონიოს“ სამწვრთნელო შტაბს. აი, რა განაცხადა მის შესახებ თავად პოპოვიჩმა: „თუ ყოფილი მოთამაშეებიდან ვინმე ფლობს საჭირო თვისებებსა და შესაბამის საკალათბურთო IQ-ს, ეს მანუ ჯინობილია“.
ასევე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება „ბოსტონ სელტიქსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი უილ ჰარდი. გარდა ამისა, დასახელდა „სან ანტონიოს“ ლეგენდის ტიმ დანკანის გვარიც.