მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ ძირითად ხუთეულში გამოჩნდა და „ნიუ ორლეანსთან“ 15 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგი ტურის შეხვედრაში „სან ანტონიოს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და „ნიუ ორლეანსის“ წინააღმდეგ მიღებული სათამაშო დრო ნაყოფიერად გამოიყენა.

„სან ანტონიომ“ მეტოქე სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 111:109 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი 27 წუთი მიიღო. ამ დროში მამუკელაშვილმა 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ თამაშიდან 11-ჯერ ისროლა, საიდანაც 7 სროლა ზუსტი იყო.

გრეგ პოპოვიჩის გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი დევონტე გრემი იყო 20 ქულით. 17 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა 2023 წლის NBA-ის დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულ ფრანგ ვიქტორ ვემბანიამას.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრებში ხშირად იღებს სათამაშო დროს და მან „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ შეხვედრაში ორმაგი დუბლის (10 ქულა, 11 მოხსნა) შესრულებაც მოახერხა.

„სან ანტონიო“ მორიგ თამაშს 8 აპრილს საკუთარ მოედანზე „ფილადელფიასთან“ ჩაატარებს. ტეხასურ გუნდს 19 გამარჯვება და 58 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.