გიორგი მჭედლიშვილი კარიერას ხორვატიაში გააგრძელებს. ”სამტრედიას” 25 წლის მცველი 2017 წლის ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიმბოლური ნაკრებში დაასახელეს და რამდენიმე წინადადებაც მიიღო. გავრცელებული ხმებით, ის თბილისის ”ლოკომოტივში” გადადიოდა. თუმცა მჭედლიშვილმა ეს პირველ არხთან უარყო და დაასახელა კლუბი, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმებასაც აპირებს.
”ხორვატიიდან დამიკავშირდნენ და ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება “გორიცასთან” შემომთავაზეს. ახალ ხელშეკრულების დეტალები ზუსტდება, მალე გავემგზავრები და კონტრაქტს გავაფორმებ”, – ამბობს პირველ არხთან მჭედლიშვილი.
მისი თქმით, დიდი ხანია, უცხოეთში თამაში სურდა.
”დეკემბრის ბოლოს თავისუფალი აგენტი გავხდი და სამი ქართული გუნდი დამიკავშირდა – “ლოკომოტივი”, ქუთაისის “ტორპედო” და “რუსთავი”. პლუს, ჩემი დატოვება “სამტრედიასაც” სურდა. მაგრამ მინდოდა, ძალები ევროპაში მეცადა და რეალური შანსი რომ გამოჩნდა, უარს ვერ ვიტყოდი”,–აღნიშნა მჭედლიშვილმა.