სამხრეთ კორეა უკრაინიდან ელჩს გაიწვევს

15:02, 08.10.2026

სამხრეთ კორეა უკრაინიდან ელჩს გაიწვევს. ინფორმაციას „როიტერი“ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში კორეის რესპუბლიკის ელჩი სამშობლოში გამოიწვიოს. მთავრობა იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა საკითხი წარმატებით მოგვარდება და ამ მიზნის მისაღწევად უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს გააგრძელებს“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, სეულში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა კიევის მიერ სამხრეთ კორეისთვის ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. როგორც ცნობილია, ისინი რუსეთის მხარეს იბრძოდნენ და უკრაინელებმა გასული წლის დასაწყისში ტყვედ აიყვანეს.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროების გამო სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების სამიზნედ გადაიქცნენ.

კვირის დასაწყისში სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ უკრაინისგან ინფორმაციის გასაჯაროების გამო ბოდიში მიიღო. თუმცა სეულმა ბოდიში არასაკმარისად მიიჩნია და განაცხადა, რომ „გადამწყვეტ ზომებს“ მიიღებდა.

ორი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეისთვის გადაცემის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის მრჩეველი დმიტრო ლიტვინი ამბობდა, რომ კიევსა და სეულს შორის ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა და „არასწორი იქნებოდა იმის დამალვა, თუ სად ხვდებიან კონკრეტული სამხედრო ტყვეები“.

მსგავსი