სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სპორტის დაფინანსებაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადება არასერიოზულია
სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სპორტის დაფინანსებაზე გრიგოლ ვაშაძის განცხადება არასერიოზულია

სპორტთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის გაკეთებულ განცხადებას სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე აფასებს. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძის აღნიშნული განცხადება ისევე, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაპირებული 400- ლარიანი პენსია ერთი ხასიათის მატარებელია და სერიოზულად აღქმა შეუძლებელია.

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ალბათ იმის მანიშნებელია, რომ გრიგოლ ვაშაძეს  ჯანსაღი და ჯანმრთელი ხალხის ეშინია. სპორტს რომ ქვეყანაში დაფინანსება უნდა ჰქონდეს, ავთანდილ ცინცაძის თქმით, გასულმა შაბათ-კვირამაც აჩვენა, როდესაც ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე ძალოსნობასა და სამბოში დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გერმანულ მედიასაშუალება „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სპორტის დაფინანსებას სულელური ხარჯები უწოდა. ვაშაძის თქმით, საფეხბურთო პროგრამების, ბეისბოლისა და ჰოკეის გუნდებისთვის გამოყოფილ თანხებს  სოციალურ პროგრამებში, ასევე განათლებასა და უსაფრთხოებაში გამოიყენებს.