ზაალ უდუმაშვილი - გრიგოლ ვაშაძეს შესაძლოა, ჰქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა იმ დღეებში ჩვენ ვიდექით რუსთაველის გამზირზე, ცესკო-სთან და ვერ შედგა სწორი კომუნიკაცია
შესაძლოა, გრიგოლს ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენ საერთაშოროსო პარტნიორებთან, თუმცა იმ დღეებში ვითარება ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა, ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიდექით, შემდეგ ცესკო-სთან და ვერ შედგა სწორი კომუნიკაცია , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა და ქუჩაში დგომა არავის ეხალისება, თუმცა დიალოგს აზრი უნდა ჰქონდეს.
„არ ვარ საქმის კურსში ამ დეტალების, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ და რაც ბატონმა გრიგოლმა განაცხადა, დიახ, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, რა თქმა უნდა, დიალოგი არის ყველაზე ცივილური ფორმა, რომლითაც უნდა წავიდეს ეს ქვეყანა. მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუ ჩვენ უბრალოდ ვსხდებით მაგიდასთან, რათა ხელი ჩამოვართვათ და გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს, თუ ჩვენ ვსხდებით, რომ რეალურად, გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, მაშინ დიალოგს აზრი აქვს.
შესაძლოა, ბატონ გრიგოლს ჰქონდა კომუნიკაცია ჩვენს საერთაშოროსო პარტნიორებთან, თუმცა იმ დღეებში ვითარება ძალიან სპონტანურად ვითარდებოდა, ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვიდექით, შემდეგ ცესკო-სთან, შესაძლოა, ამ დროს მოხდა დისკომუნიკაცია, ვერ შედგა სწორი კომუნიკაცია, შესაძლოა, ეს არის. ამას ვარაუდით ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, რადგან ბატონ გრიგოლთან კომუნიკაცია არ მქონია. პარტიის სახელით ვერ ვილაპარაკებ. ვერ გეტყვით, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ იმას, რაც ბატონმა გრიგოლმა თქვა. გრიგოლ ვაშაძე არის პიროვნება, ის არის პოლიტიკოსი, მას აქვს თავისი პოზიცია და ეს ბუნებრივია. თუმცა გრიგოლისა და პარტიის პოზიცია მუდამ არის თანხვედრაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ამასთან, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები მათი ძირითადი სამოქმედო გეგმაა, რადგან, მისი თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასთან სასაუბროდ სხვა ფორმატი არ გააჩნიათ.
„რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმას, ეს არის ის, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ბატონმა გრიგოლმა. საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, დიალოგი არის გამოსავალი. საპროტესტო აქციები ის ძირითადი სამოქმედო გეგმაა, რომლითაც მივდივართ, ვინაიდან ამ ეტაპზე სხვა ფორმატი არ გავვაჩნია ხელისუფლებასთან სასაუბროდ. თუ სხვა ფორმატი გამოჩნდება და დიალოგზე წამოვა იმ მიმართულებით, რომლითაც აუცილებელია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, რა თქმა უნდა, დიალოგი შედგება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ დიპლომატების ჩართულობით დიალოგი მიმდინარეობდა, რომელიც ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, რა გახდა ჩაშლის მიზეზი, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა.