სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს თბილისში, სამშენებლო ობიექტზე დაღუპულ მოქალაქეთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს თბილისში, სამშენებლო ობიექტზე დაღუპულ მოქალაქეთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 31 მარტს, თბილისში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული ორი მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ამასთან, სალომე ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს საქმის წარმოებისას უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დარღვევის გამო.

„საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს 31 მარტს თბილისში, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ორი მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს.

ამასთან, პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქმის წარმოებისას უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დარღვევის გამო, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ევროპაში ინტეგრაცია არა მხოლოდ რომელიმე ევროპულ სტრუქტურაში გაწევრიანებაა, არამედ, პირველ რიგში, ეს ევროპული სტანდარტების, მათ შორის, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვაა“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა ზოგადად და მათ შორის, სამშენებლო ბიზნესში, პირველი რიგის პრობლემაა და აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე 31 მარტს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.