სალომე ზურაბიშვილი - 15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის
სალომე ზურაბიშვილი - 15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„15 წლის ბავშვის გარდაცვალება კიდევ ერთი დიდი ტრაგედიაა ჩვენი საზოგადოებისთვის. ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. ამ მძიმე წუთებში გამძლეობა მოგცეთ უფალმა.

ჩვენ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.