სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ პანამის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ, ტრამპის წინასწარი დასკვნით, ჩინეთის გავლენა და კონტროლი საფრთხეს უქმნის პანამის არხს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას
სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ პანამის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ, ტრამპის წინასწარი დასკვნით, ჩინეთის გავლენა და კონტროლი საფრთხეს უქმნის პანამის არხს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ხავიერ მარტინეს-აჩასთან შეხვედრა გამართა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური გამოწვევები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანმა პანამის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა წინასწარი დასკვნა გააკეთა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენა და კონტროლი პანამის არხის ტერიტორიაზე საფრთხეს უქმნის არხს და წარმოადგენს პანამის არხის მუდმივი ნეიტრალიტეტისა და ექსპულატაციის შესახებ ხელშეკრულების დარღვევას. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა მიუღებელია და თუ დაუყოვნებლივი ცვლილებები არ განხორციელდება, აშშ იძულებული იქნება, მიიღოს საჭირო ზომები ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, შეხვედრისას რუბიომ ხაზი გაუსვა არალეგალური მიგრაციის კრიზისის დასრულების მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„სახელმწიფო მდივანმა მადლიერება გამოხატა ნაყოფიერი დისკუსიისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების, სიძლიერისა და კეთილდღეობის გაძლიერების მიმართ. რუბიომ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-სა და პანამას შორის სტრატეგიული ურთიერთობების განახლების გზაზე, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად“, ​​​​​​​​​​​​​​- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შეხვედრის შემდეგ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არხის საკუთრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხდება.

„ეჭვგარეშეა, რომ არხს ჩვენი ქვეყანა მართავს და ასე გაგრძელდება. არ მგონია, ამაში რამე შეუსაბამობა იყოს. პრეზიდენტ ტრამპს აქვს თავისი მოსაზრება ჩინეთის ყოფნის შესახებ, რომელიც გაირკვევა შესაბამის დროს არხის ტექნიკურ ინსტანციებში“, – განაცხადა მულინომ.