ენდი ბერნემი – ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნება ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა

01:34, 24.11.2026

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროკავშირში დაბრუნება ახალი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბერნემმა ყოფილი პრემიერ-მინისტრები „წარსულში ჩარჩენილობაში“ დაადანაშაულა და უარყო რიში სუნაკის, დევიდ კამერონისა და ტერეზა მეის რჩევა, რომ „ბრექსიტის“ საკითხზე დებატები ხელახლა არ უნდა წამოიწყოს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ საკითხზე სწორედ მათ რჩევას გავითვალისწინებ, რადგან მათ ბრიტანეთს „ბრექსიტის“ ცუდი შეთანხმება დაუტოვეს. ისინი წარსულში არიან ჩარჩენილები, რადგან არ სურთ აღიარონ, რომ თავად დადეს ცუდი შეთანხმება. მე არ ვარ ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც წარსულში იქნება ჩარჩენილი. მსურს, ბრიტანეთი უფრო იმედიანი მომავლისკენ წავიყვანო, კვლავ გავზარდო ეკონომიკა, შევამცირო მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარჯები და ენერგიის გადასახადები. ამ ყველაფრის მიღწევა ევროკავშირთან უფრო პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებით არის შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ამ გზის არჩევა ბრიტანეთისთვის უკეთესი იქნება და არ მოვუსმენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყანა სწორედ დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანეს“, – განაცხადა ბერნემმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„გარდიანის“ ცნობით, მოგვიანებით, პარლამენტში გამოსვლისას ბერნემმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან დიდი ბრიტანეთის სამომავლო ურთიერთობების საკითხში „პრაგმატული მიდგომით“ იხელმძღვანელებს.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი მომდევნო თვეში გეგმავს, წარმოადგინოს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების გრძელვადიანი ვარიანტები.

მსგავსი