საფრანგეთთან გამარჯვების გოლის ავტორმა სანაკრებო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ვაჰბი ხაზრიმ ტუნისის ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა, – „მონპელიეს“ თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციას Bein Sports-ის ინტერნეტგვერდი ავრცელებს.
31 წლის ფეხბურთელი კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტუნისის ნაკრების ერთადერთი გოლის ავტორია. მან გუნდს გამარჯვება საფრანგეთთან (1:0) შეხვედრაში მოუტანა. მუნდიალზე ტუნისის ნაკრებმა დანიასთან ფრედ ითამაშა (0:0), ავსტრალიასთან დამარცხდა (0:1) და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა.
ხაზრი ტუნისელია, მაგრამ საფრანგეთში დაიბადა. 2009 წელს სადებიუტო მატჩი ჩაატარა ტუნისის ახალგაზრდულ ნაკრებში. 2011 წლის ნოემბერში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიიწვია ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ერთი მატჩიც ჩაატარა.
თუმცა, ხაზრის 2013 წელს ტუნისის ნაკრებში თამაში შესთავაზეს და მანაც ისტორიული სამშობლოს სახელით გამოსვლა ამჯობინა – ჯამში, ამ აფრიკული ქვეყნის ფორმით 74 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.
საკლუბო დონეზე ხაზრი თამაშობდა „ბასტიაში“, „სენტ-ეტიენში“, „ბორდოში“, „რენსა“ და „სანდერლენდში“; 2022 წლიდან კი „მონპელიეში“ გამოდის.