საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის ასამდე მონაწილე დააკავეს
საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის ასამდე მონაწილე დააკავეს

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე 42 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BFM TV იუწყება.

ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებისას 49 ადამიანი დააკავეს აქციაზე ბორდოშიც.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პარიზში ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დაგეგმილი აქციის გამო დილიდან საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში ხუთი ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული.

მედიის ცნობით, 19 იანვრის აქციაში საფრანგეთში 85 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

საფრანგეთში უკვე მეათედ გაიმართა აქციები, რომელზეც თავდაპირველად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებას აპროტესტებდნენ, რაც მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.

ემანუელ მაკრონმა ყვითელჟილეტიანების აქციების საპასუხოდ მინიმალური ხელფასი გაზარდა და სხვა სოციალური შეღავათები დააწესა. ასევე, მაკრონმა საფრანგეთის საზოგადოებას ეროვნული დიალოგის დაწყება შესთავაზა და წამოიწყო ტურნე, რომლის ფარგლებში ის ქვეყნის ყველა რეგიონში ჩავა და მოქალაქეებს შეხვდება. მიუხედავად ამისა, ყვითელჟილეტიანები აქციებს არ წყვეტენ.