პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე 30-ზე მეტი პირი დააკავეს

18:58, 22.12.2018

პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე სამართალდამცველებმა 30-ზე მეტი პირი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ყველაზე მასშტაბური აქცია ამჯერად ტურისტების საყვარელ ადგილას, მონმარტრზე გაიმართა, სადაც საკუთარი მოთხოვნების დასაფიქსირებლად რამდენიმე ასეული აქტივისტი გავიდა.

რაც შეეხება ელისეის მინდვრებს, სადაც გასულ კვირებში მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართებოდა, დღეს მხოლოდ რამდენიმე ათეული აქტივისტი მივიდა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციების ფარგლებში, დაღუპულთა რიცხვი საერთო ჯამში 10-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა.

აქციის დროს გადაკეტილ გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მანქანას დაეჯახა. ავარიის დროს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები საფრანგეთის ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. ევროპულ სახელმწიფოში დემონსტრაციები 17 ნოემბრის შემდეგ იმართება.

მსგავსი