საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა საერთო ევროპული არმიის შექმნა
ემანუელ მაკრონი საერთო ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდის. Europe1-თან ინტერვიუს დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის საფრთხის გამო, ევროპას „ნამდვილი ევროპული არმია“ უნდა ჰყავდეს, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს და ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებული არ იქნება.
საფრანგეთის პირველი პირის თქმით, საერთო ევროპულმა არმიამ კონტინენტის კიბერ-უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოს.
„ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპელების დაცვას, თუ საბოლოოდ არ გადავწყვეტთ საერთო ევროპული არმიის შექმნას. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპა, რომელიც საკუთარ თავს დაიცავს დამოუკიდებლად, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა Europe1-ის პირდაპირ ეთერში.
ინტერვიუს დროს საფრანგეთის პირველმა პირმა საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ არსებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმეტიდან ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო გამოთიშვა პირველ რიგში ევროპას დააზარალებს, რადგან კონტინენტის უსაფრთხოება რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ ხელშეკრულება 1987 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა. დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს 500-დან 5 500 კილომეტრის რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებასა და განთავსებას უკრძალავს. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი ასეთი ტიპის რაკეტებზე წლების განმავლობაში მუშაობს. თუმცა მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ამავე ბრალდებას უყენებს.