საფრანგეთის პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში მომხდარი სროლის გამოძიების ფარგლებში თავდამსხმელთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზის პროკურორმა განაცხადა.
როგორც პროკურორმა თვითმხილველებზე დაყრდნობით აღნიშნა, თავდასხმელი ყვიროდა „ალაჰ აკბარს“ (დიდება ალაჰს).
პროკურორის მიერ გასაჯაროებული ბოლო მონაცემებით, საშობაო ბაზრობაზე სროლის დროს დაიღუპა ორი და დაშავდა 14 ადამიანი. მოგვიანებით დაშავებულთაგან ერთს კლინიკური სიკვდილი დაუდგინდა. კიდევ რვა დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.
თავდამსხმელი ჯერ კიდევ დაკავებული არ არის. ის შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა. თავდამსხმელი სტრასბურგში დაბადებული 29 წლის შერიფ შექათია, რომელიც წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო აქამდეც ცნობილი იყო სამართალდამცველებისთვის. ის 27-ჯერ იყო გასამართლებული საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში.
„მას ჰქონდა პრობლემები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით მრავალი წლის განმავლობაში. ის 27-ჯერ იყო გასამართლებული . არაერთხელ იყო დაპატიმრებული დანაშაულებისთვის საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში“, – განაცხადა პარიზის პროკურორმა.
მისივე ცნობით, საშობაო ბაზრობაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სამხედროებთან ორმხრივი სროლის დროს ბოროტმოქმედი ხელში დაჭრეს.
საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, თავდამსხმელის ძებნის სპეცოპერაციაში 350 სამართალდამცველი და სამხედრო მონაწილეობს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი.