საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში, საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა

საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებლის ფოტო გამოაქვეყნა. სამართალდამცველები 29 წლის შერიფ შექათის ადგილსამყოფელის დასადგენად მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ.

პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დამნაშავე საშიში და სასტიკია, ამიტომ მასთან შეხვედრის შემთხვევაში, სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დამოუკიდებლად მის დასაკავებლად ზომებს არ მიმართონ და პოლიციას აცნობონ.

სტრასბურგში დაბადებულმა შერიფ შექათიმ ​ქალაქის საშობაო ბაზრობაზე, 11 დეკემბერს საღამოს ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი მოკლა, 13 კი დაჭრა. რვა დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. სტრასბურგის მერმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემდეგ სამხედროებთან ორმხრივი სროლის დროს შექათი ხელში დაჭრეს. ის შემთხვევის ადგილიდან ტაქსით მიიმალა. პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელი წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამო, სამართალდამცველებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. ის 27-ჯერ იყო გასამართლებული საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში.

თავდასხმის გამო, საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. შექათის დასაკავებლად სამძებრო ოპერაციაში ასობით პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს. გაძლიერებულია სასაზღვრო კონტროლი.