საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი - მომდევნო თვეებში ქვეყანაში სამსახურს 800 000 ადამიანი დაკარგავს
„გარდიანის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერიმ განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა.
„ჩვენი შეფასებით, მომდევნო თვეების განმავლობაში სამსახურს 800 000 ადამიანი დაკარგავს, ანუ დასაქმებულთა 2,8 პროცენტი. ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმაა და მოითხოვს ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, ვინც სამსახურს დაკარგავს“, – განაცხდა ბრუნო ლე მერიმ.
„საფრანგეთის ბანკის“ განცხადებით, საფრანგეთის ეკონომიკა კრიზისამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე არ დაუბრუნდება, ხოლო 2021 წელს უმუშევრობის დონემ შესაძლოა 11.5 პროცენტს მიაღწიოს. საფრანგეთში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორებისთვის მთავრობა 45 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.