„ლე მონდე“ – ზოგიერთი ევროპელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ფიშინგშეტევის სამიზნე გახდა

10:55, 22.11.2026

ზოგიერთი ევროპელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ფიშინგშეტევის სამიზნე გახდა. ფრანგული გაზეთის, „ლე მონდეს“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტებზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სპეციალიზებული დანაყოფი იდგა.

ფიშინგი კიბერდანაშაულისა და ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ამ დროს თავდამსხმელი მოტყუების გზით ცდილობს, მოიპოვოს ადამიანის პერსონალური, კონფიდენციალური ან ფინანსური მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ჟურნალისტმა ხრისტო გროზევმაც გაავრცელა. ფიშინგშეტევის სამიზნეები გახდნენ თავად გროზევი, გერმანელი ჟურნალისტი და „პანამის დოკუმენტების“ ერთ-ერთი ავტორი ბასტიან ობერმაიერი, ასევე „ლე მონდის“ სამი თანამშრომელი და საფრანგეთის პარლამენტის წევრი ერიკ ბოტორელი.​ გროზევის თქმით, მის შემთხვევაში ფიშინგშეტყობინება Signal-ში ერთ-ერთი კონტაქტის სახელით მივიდა. შეტყობინება გერმანელი ჟურნალისტისგან იყო, რომელთანაც გროზევს რამდენიმე წელია, ურთიერთობა არ ჰქონია. გროზევის განმარტებით, თავდამსხმელებმა მისი კონტაქტებიდან ისეთი ადამიანი შეარჩიეს, რომელთანაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია ურთიერთობა. ამან შესაძლებელი გახადა, გროზევს დაეჯერებინა, რომ ნაცნობმა Signal-ში ახალი ნომერი გამოიყენა.

„ლე მონდეს“ სტატიაში ნათქვამია, რომ გამოცემის სამმა ჟურნალისტმა Signal-ში ვიდეოკონფერენციაზე მიწვევები მიიღო. შეხვედრა უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ეხებოდა. შეტყობინებები კი თითქოს მათ ნაცნობ ევროპელ ჟურნალისტს ჰქონდა გაგზავნილი. საფრანგეთის პარლამენტის წევრ ერიკ ბოტორელს კი მისი ნაცნობის გატეხილი Signal-ანგარიშიდან Telegram-ის ჯგუფში გაწევრიანება შესთავაზეს.

ევროპული უსაფრთხოების სამსახურების წყაროებმა „ლე მონდეს“ განუცხადეს, რომ თავდასხმები ჰაკერული ჯგუფის, UNC5792-ის საქმიანობას უკავშირდებოდა. ჯგუფი ასევე ცნობილია სახელებით Frontier Blizzard და Sentry Bear.

 

მსგავსი