საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთში ქრისტიანებს ავიწროებენ
საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთში ქრისტიანებს ავიწროებენ

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ქრისტიანებს ავიწროებენ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors-ის შეფასებით, ქრისტიანების რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში გახშირდა, რის გამოც, რუსეთი ყოველწლიურ რეიტინგში 50 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, ქრისტიანებზე თავდასხმები მოხდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემვალ მუსლიმურ რესპუბლიკებში. მათ შორის დაღესტანში, თათრეთსა და ჩეჩნეთში. როგორც ავტორები აცხადებენ, განსაკუთრებით რთულია გაქრისტიანებული მუსლიმების მდგომარეობა.

„მუსლიმებს, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს უარყოფენ როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე პედაგოგები. რეგიონებში ისინი თემიდან გრიყულები არიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ყველაზე ნაკლები პრობლემები აქვს ხელისუფლებასთან. თუმცა, დაურეგისტრირებელი ეკლესიების წარმომადგენლებს ხშირად უთვალთვალებენ.

Open Doors-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დიდი საფრთხე ქრისტიანებს ჩრდილოეთ კორეაში ემუქრებათ. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ქრისტიანებს დევნიან, არის სომალი, ავღანეთი, ლიბია, სუდანი, ერითრეა, ირანი, იემენი, პაკისტანი და ინდოეთი. ნუსხაში 26-ე ადგილზე თურქეთი, 50-ეზე კი, აზერბაიჯანია.
სულ, იმ 50 ქვეყანაში, რომელიც ანგარიშში მოხვდა 700 მილიონი ქრისტიანი მორწმუნე ცხოვრობს, საიდანაც 200 მილიონს აღმსარებლობის გამო დევნიან.