გიორგი ხარაიშვილი კარიერას შვედეთში გააგრძელებს. „საბურთალო“ ტრანსფერის თაობაზე „გეტებორგს“ შეუთანხმდა, – ამის შესახებ კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ განაცხადა.
„შვედურ გუნდთან მოლაპარაკება გვიან ღამით დავასრულეთ და სიტყვიერად შევთანხმდით, რომ ხარაიშვილი „გეტებორგში“ ითამაშებს. გიორგისთან ერთად, შვედეთში დღეს გავემგზავრები, ბოლო დეტალებსაც შევათანხმებთ და კონტრაქტს ოფციონის წესით, 1+2,5-წლის ვადით გავაფორმებთ. ანუ პირველი წლის შემდეგ ხელშეკრულების პირობებს თავიდან განვიხილავთ და ამის შემდეგ „გეტებორგი“ კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებას მიიღებს“, – ამბობს კაშია.
„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, არსებობს კონკრეტული მიზეზები, რის გამოც 2017 წელს ეროვნული საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული „საბურთალოს“ 21 წლის კაპიტანი „გეტებორგში“ მიდის და არა სხვა გუნდში.
„ბევრი ვარიანტი იყო და გიორგის ახალ კლუბს დიდი სიფრთხილით ვარჩევდით. სხვა კლუბები ამბობდნენ, რომ გიორგის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად დრო დასჭირდებოდა, „გეტებორგში“ კი მასზე უკვე სქემებს აწყობდნენ. ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. ფეხბურთელი კი იქ გამოავლენს თავს, სადაც მისი წაყვანა ყველაზე მეტად სურთ“, – აცხადებს კახა კაშია.
„გეტებორგი“ შვედეთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია – 18-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 1982 და 1987 წლებში კი უეფა-ს თასს დაეუფლა.