გიორგი ხარაიშვილი „დინამო თბილისს“ დაემშვიდობა, გუნდი, შესაძლოა, დავით სხირტლაძემაც დატოვოს და ბათუმის „დინამოში“ გადავიდეს #1TVSPORT
„დინამო თბილისს“ გიორგი ხარაიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით დაემშვიდობა, ხოლო თბილისელთა კაპიტანი დავით სხირტლაძე, შესაძლოა, ბათუმის „დინამოში“ გადავიდეს.
„მადლობა დასამახსოვრებელი ემოციებისთვის. წარმატება „დინამო!“ – დაწერა ხარაიშვილმა.
27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი უნგრეთის ჩემპიონს, „ფერენცვაროშს“ ეკუთვნის და გიორგი „დინამო თბილისში“ იჯარის წესით თამაშობდა.
Geo Team-ის ცნობით კი, „დინამო თბილისის“ კაპიტანს, დავით სხირტლაძეს ბათუმის „დინამოში“ იწვევენ.
„დინამო თბილისის“ კაპიტანი დავით სხირტლაძე საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოში“ გადასვლასთან ახლოსაა. 30 წლის ფორვარდს „დინამო თბილისთან“ წლის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, თუმცა დედაქალაქელებს კაპიტანთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება არ დაუწყიათ, რითიც ბათუმელებმა ისარგებლეს და დავით სხირტლაძეს მიმართეს. ბათუმის „დინამოსა“ და დავით სხირტლაძეს შორის ყველაფერი შეთანხმებული არაა, თუმცა მოლაპარაკების ფაზის დიდი ნაწილი გადალახულია“, – ამტკიცებს GEO TEAM-ი.