სააპელაციო სასამართლოში პროცესზე პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს
სააპელაციო სასამართლოში პროცესზე პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პროკურორი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, რასაც დაცვის მხარე უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

სხდომას ესწრება ბრალდებული ნიკა მელიაც.

პროკურორმა შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ ნიკა მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე ჩაიდინა მან ახალი დანაშაული, შესაბამისად სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.

პროკურორის თქმით, თანამდებობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნიკა მელიას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც მისი მხრიდან მიმალვის საფრთხეს ქმნის. ამასთან, როგორც გულუაშვილმა განაცხადა, გასათვალისწინებელია, რომ ამ საქმეზე მოწმე ნათია ბერიძემ პროკურატურას მიმართა, მის მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე პროკურატურის არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს და თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, საცხოვრებელი სახლის შეზღუდვებით დატოვების და საქმის სავარაუდო მოწმეებთან კონტაქტის აკრძალვასთან დაკავშირებით.

„არც ამ საქმეზე და არც საქმეზე, რომლის განხილვაც 7 წელია მიმდინარეობს, ნიკა მელიას არასოდეს უცდია ქვეყნის დატოვება, მას პასპორტი და დიპლომატიური პასპორტი ჩაბარებული აქვს პროკურატურაში.

რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილს, ნიკა მელიას მხრიდან ამ 7 წლის განმავლობაში რაც ის სხვა საქმეზეც ბრალდებულია, არ ყოფილა არცერთი ოქმი ამ ზეწოლასთან დაკავშირებით. ნიკა მელიას არავისთან კომუნიკაცია არ უცდია. ის ზედმიწევნით ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნათია ბერიძეზე, რაზეც პროკურორმა ისაუბრა, შეუძლიათ დაიწყონ გამოძიება“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

მოსამართლე დაინტერესდა, ხომ არ უცდია ნიკა მელიას საცხოვრებელი სახლის დატოვება, გამოძიების ინფორმირების გარეშე, მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სახლის დატოვების შესახებ შეზღუდვები დაუწესა. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მოსამართლის საპასუხოდ განაცხადა, რომ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია.

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა პროკურორს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ ითხოვს ბრალდების მხარე ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე, დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.