ნიკა მელია - წარმოიდგინეთ, უეფა-ში გვითხრან, რომ ვერ მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიული თვალსაზრისით უფრო მძიმე შემთხვევაა, რაც დღეს იკადრა „ქართულმა ოცნებამ“
ნიკა მელია - წარმოიდგინეთ, უეფა-ში გვითხრან, რომ ვერ მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე, ისტორიული თვალსაზრისით უფრო მძიმე შემთხვევაა, რაც დღეს იკადრა „ქართულმა ოცნებამ“

ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი ეკარგება ყველაფერს, პოლიტიკოსობას, სამოქალაქო საზოგადოების წევრობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, საქართველოს ისტორიული არჩევანი დგება უდიდესი საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია.

„მძიმე დღე არის, მაგრამ ყველა გამოწვევას ისევე, როგორც ტრადიციულად სჩვევია ქართულ საზოგადოებას, დარწმუნებული ვარ, ახლაც ამ გამოწვევას ყველანი ერთად შესაძლებლობად ვაქცევთ. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი, განსაკუთრებით, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე დგამს პროვოკაციულ ნაბიჯებს ღიად და დაუფარავად, რაც, რბილად რომ ვთქვათ, გვაშორებს ევროკავშირისგან. მათ მიერ „წინგადადგმული“ ეს ნაბიჯები, დიახაც, ამას ისახავს მიზნად. ყოველდღიური ნაბიჯი, იქნება ეს ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა, თანამდებობაზე განწესება, ქალთა კვოტების გაუქმება, დღევანდელი შემთხვევა, რომელიც არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, მეტი არაფერი. რისთვისაც თაობებმა მიუძღვნეს საკუთარი სიცოცხლე, არსება, არსებობა ამ მოვლენას, რომ ქვეყანა მოსახლეობით გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ დიდი ევროპული ოჯახის წევრი სახელმწიფო, ამ ყველაფერს ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“, შემოგვიტრიალოს რაღაცა ყბადაღებული საკითხით, რომელსაც „რუსული კანონი“ ჰქვია, რომელიც უმძიმესი კანონია. სინამდვილეში ჰქვია ევროკავშირზე უარის თქმის მცდელობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ისტორიული თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაა, ვიდრე უეფა-ს მიერ საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საგზურის ჩამორთმევა იქნებოდა.

„წარმოიდგინეთ, ძვირფასო მეგობრებო, უფროსო თაობავ, მშობლებო, ახალგაზრდებო, ყველამ ვიზეიმეთ წინა კვირას წარმოუდგენელი გამარჯვება, წარმოუდგენელი ერთსულოვნება იყო საზოგადოებაში, მტრებიც კი გაერთიანდნენ სიხარულით, რომელიც მოგვანიჭა საქართველოს ნაკრებმა. გავიხარეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით დაუღალავი შრომით, მიზანდასახულობით, ბრძოლის ჟინით და ახლა წარმოიდგინეთ, რომ დღეს ჩატარდეს ბრიფინგი უეფა-ს ცენტრალურ ოფისში და იქ გვითხრან, რომ თამაშის შედეგი არის გაუქმებული და ვერ მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე. რა რეაქცია ექნებოდა ყველა ქართველს? ისტორიული თვალსაზრისით, ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაა, რაც დღეს იკადრა ივანიშვილის ერთ-ერთმა მოლაპარაკე თავმა და გაახმოვანა მათი მზაკვრული გეგმა. არის საკითხები, რომლებიც რევიზიას და გადახედვას არ ემსახურება. არის საკითხები, სადაც მოწოდება ერთიანობისკენაც არის ზედმეტი. ჩვენ ეს ვნახეთ შარშან, მარტის თვეში, გავერთიანდით განსხვავებული ადამიანები, ვინც დღეს კონკურენტები ვართ და არჩევნებზეც კონკურენტები ვიქნებით, მაგრამ ვერთიანდებით ეროვნული გამოწვევის წინაშე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა არის ეროვნული პერსპექტივა.

„ჩვენ ვერ ვხედავთ პერსპექტივას და ვერავინ დაგვანახებს პერსპექტივას იაროსლავსა და ტომსკში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვი არ არის ჩვენი შვილების მომავალი. გვჯერა, არათუ მიგვაჩნია. მდინარაძე-ივანიშვილს მიაჩნია, რომ დიახაც, მნიშვნელოვანია რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნა. და ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება უნდა მივუძღვნათ ამ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც გადის ევროკავშირის წევრობაზე. როდესაც ჩვენი ბედით თამაშობს ივანიშვილი, როგორც შულერი, ჩვენი შვილების ბედით თამაშობს, ეს არავის გასვლია. ხალხთან დაპირისპირებაში ამ ხარისხით ნებისმიერი ხელისუფლება როდესაც შემოსულა, ის ყოველთვის დამარცხებულა და ეს ახლაც ვერ იქნება გამონაკლისი. ამიტომ, სიტყვებთან ერთად, მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება იქნება ადეკვატური. ჩვენ გვჯერა, ადეკვატური იქნება ამ გამოწვევის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი ეკარგება ყველაფერს. აზრი ეკარგება პოლიტიკოსობას, სამოქალაქო საზოგადოების წევრობას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას, ყველაფერს ეკარგება. საქართველოს ისტორიული არჩევანი დგება უდიდესი საფრთხის წინაშე“, – დასძინა ნიკა მელიამ.