რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიატლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი პიონჩანგის მიღმა დატოვეს
ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარული ბიატლონისტი ოლე-ეინარ ბიორნდალენი ვერ მოხვდა ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებში და ის ვერ გამოვა პიონჩანგის ოლიმპიადაზე, რომელიც რიგით მეშვიდე უნდა ყოფილიყო კარიერაში.
ნორვეგიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, ბიორნდალენის ნაკრებიდან ამოგდების წინააღმდეგი იყო.
“წელს, ბიორნდალენის პირადი შედეგები არასახარბიელოა. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ნორვეგიის ნაკრებში მოხვედრა”, – განაცხადა ნორვეგიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტურე ევრებემ.
რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბიორნდალენი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია ზამთრის თამაშების ისტორიაში. ის, ამჟამად, 42-ე ადგილზე იმყოფება მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში და წელს, არც ერთ ეტაპზე მე-18 ადგილზე მაღლა არ ასულა.