რუსლან კრავჩენკომ უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა

02:15, 08.09.2026

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) მიერ კორუფციული სკანდალის გამოძიების ფონზე რუსლან კრავჩენკომ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც კრავჩენკო სოციალურ ქსელში წერს, მან გადაწვეტილება თავად მიიღო. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ, ასევე ქვეყნის პრეზიდენტსა და უმაღლეს რადას.

„გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. და ეს შეგნებულად მივიღე. არ მინდა, გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელი რჩება. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ თავიანთ საქმეს; მათ, ვინც სასამართლოში ბრალდებებს წარადგენს, დაზარალებულებთან მუშაობს, რუსეთის დანაშაულებს აფიქსირებს და სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. თქვენი შრომა არანაირად არ უნდა დაკნინდეს. მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს და უმაღლეს რადას ნდობისთვის და გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გადადგომა“, – წერს კრავჩენკო.

როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 7 სექტემბერს შეხვდა კრავჩენკოს და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეს, დავით არახამიას. მედიის ცნობით, ამ შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ კრავჩენკო თანამდებობას დატოვებდა. მანამდე კი, 4 სექტემბერს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაცია „კართაგენის“ ფარგლებში ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს, მისი მოადგილის, მარია ვდოვიჩენკოსა და ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის სახლებს ჩხრეკდნენ. 5 სექტემბერს მათ გამოაცხადეს კრიმინალური ორგანიზაციის გამოაშკარავების შესახებ, რომელსაც, გამომძიებლების თქმით, გენერალური პროკურატურის სტრუქტურული განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა. სქემის მონაწილეები ეჭვმიტანილები არიან თაღლითური ქოლცენტრებიდან სისტემატურად ქრთამის აღებასა და აქტივების გათეთრებაში. გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს პირი სერგეი კროპივაა.

მსგავსი