რუსეთმა ვალერი ცეპკალოსა და სტეპან პუტილოზე ძებნა გამოაცხადა
რუსეთმა ვალერი ცეპკალოსა და სტეპან პუტილოზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ძებნა გამოაცხადა „ტელეგრამის“ არხის „ნექსტას“ დამფუძნებელ სტეპან პუტილოსა და ვალერი ცეპკალოზე, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. შესაბამის მონაცემებს რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განცხადებით, ცეპკალოსა და პუტილოზე საერთაშორისო ძებნა ბელარუსის ხელისუფლებას აქვს გამოცხადებული.

ტექნოპარკის დირექტორის, ვიქტორ ცეპკალოს წინააღმდეგ, რომელსაც ბელარუსის ცესკო-მ პრეზიდენტობის რეგისტრაციაზე მხარდამჭერთა არასაკმარისი ხელმოწერების გამო ივლისში უთხრა უარი, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის მიღების შემდეგ, ვალერი ცეპკალო შვილებთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. მისი მეუღლე ვერონიკა ცეპკალო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი მეტოქის, სვეტლანა ციხანოვსკაიას შტაბს შეუერთდა, თუმცა არჩევნების წინ ასევე დატოვა ბელარუსის ტერიტორია. ამჟამად ცეპკალო კიევში იმყოფება.

ბელარუსში ერთ-ერთი პოპულარული საინფორმაციო არხის, „ნექსტას“ დამფუძნებელი, 22 წლის სტეპან პუტილო კი, 2018 წლიდან პოლონეთში ცხოვრობს.

ბელარუსში უკვე ერთი კვირაა, საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლებშიც გამარჯვებულად ცესკო-მ ალექსანდრ ლუკაშენკო ხმების 80 პროცენტით გამოაცხადა. რამდენიმედღიანი არეულობის დროს, ბელარუსის ქალაქებში ათასობით ადამიანი დააკავეს, დაიღუპა ორი ადამიანი. პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი, ბელარუსი დატოვა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.

დატოვე კომენტარი