ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„როგორც ადრე, ანტირუსული გამოხტომა უპასუხოდ არ დარჩება. ამავე დროს, მოვუწოდებთ ამერიკელ პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ სანქციებით უაზრო თამაშები, რომელთა შედეგები ნულის ტოლია, დაბრუნდნენ საღი აზრის პოზიციებზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ახალი პორცია გაკვირვებას იწვევს, რადგან „შავ სიაში“ მოხვდნენ ასევე ტაივანის მოქალაქე, სეიშელის კუნძულებსა და ჩეხეთში რეგისტრირებული კომერციული ორგანიზაციები, საჰაერო და საზღვაო ხომალდები.
„რამ აიძულა ვაშინგტონელ ბიუროკრატებს მათი ერთ სიაში გაერთიანება, რა კავშირი აქვთ თვითმფრინავებსა და თბომავლებს ამერიკულ არჩევნებში ჩარევასთან“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციები დაუწესდა სულ ოთხ იურიდიულ პირს, შვიდ ფიზიკურ პირს, სამ თვითმფრინავს და ერთ იახტას, რომლებიც ე.წ. ტროლების ქარხანას და მის დამფინანსებელს, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან არიან დაკავშირებული.