რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვეს
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოიპოვეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მოიპოვეს მტკიცებულება, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტები არიან დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, მათგან ამოღებული ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლისა და ფინანსური ოპერაციების ანალიზის შედეგად მიღებულია მტკიცებულება, რომ ისინი დაკავშირებულები არიან უკრაინელ ნაციონალისტებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, პირველადი გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ ტერაქტი „კროკუს სითი ჰოლში“ წინასწარ იყო დაგეგმილი და შემსრულებლები დამკვეთებისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებდნენ.

რუსეთის საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ აქვთ დადასტურებული მონაცემები, რომ ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან კრიპტოვალუტაში დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს.