„ვაშინგტონ პოსტი“ - ტერაქტამდე ორი კვირით ადრე აშშ-ის მთავრობამ შეატყობინა რუსულ მხარეს, რომ „კროკუს სითი ჰოლი“ ტერორისტების პოტენციური სამიზნეა
„ვაშინგტონ პოსტი“ - ტერაქტამდე ორი კვირით ადრე აშშ-ის მთავრობამ შეატყობინა რუსულ მხარეს, რომ „კროკუს სითი ჰოლი“ ტერორისტების პოტენციური სამიზნეა

მოსკოვის შემოგარენში ტერაქტამდე ორი კვირით ადრე აშშ-ის მთავრობამ შეატყობინა რუსულ მხარეს, რომ საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ ტერორისტების პოტენციური სამიზნეა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ასეთი კონკრეტული გაფრთხილება მიუთითებს, რომ ვაშინგტონში დარწმუნებულები იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერაქტის მზადებაში, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება მოსკოვის განცხადებებს, რომ აშშ-ის გაფრთხილება ზოგადი იყო.

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ნათქვამია, რომ, როგორც წესი, აშშ შესაძლო ტერაქტების შესახებ ინფორმაციას სხვა ქვეყნებს „გაფრთხილების ვალდებულების“ პრინციპზე დაყრდნობით უზიარებს, მაგრამ კონკრეტულ სამიზნეებს არ ასახელებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში წყაროების გამხელის საფრთხე დიდია.

თუმცა, როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, აშშ-მა გადასცა ეს ინფორმაცია რუსეთს და ეს მოხდა მანამდე, ვიდრე მოსკოვში აშშ-ის საელჩომ შესაძლო ტერაქტის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.