მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სითიზე“ თავდასხმის საქმეში მეცხრე ეჭვმიტანილს, ტაჯიკეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სითიზე“ თავდასხმის საქმეში მეცხრე ეჭვმიტანილს, ტაჯიკეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითიზე“ თავდასხმის საქმეში მეცხრე ეჭვმიტანილს, 24 წლის ნაზრიმად ლუტფულოის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმის დანარჩენი ფიგურანტების მსგავსად, მას ტერაქტის მუხლით წაუყენეს ბრალი. გამოძიების მოთხოვნით, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. ბრალდებული ტაჯიკეთის მოქალაქეა.

მოსკოვის შემოგარენში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითიზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. სროლისა და ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 144 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის ოთხი უშუალო თავდამსხმელი.
რუსულ მედიაში გავრცელებულიც ცნობებით, „კროკუს სითიზე“ თავდასხმასთან კავშირში კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი ტაჯიკეთში დააკავეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ თავდასხმას კოორდინირებას ტელეგრამარხში ხმოვანი შეტყობინებების საშუალებით მამაკაცი უწევდა, რომელიც თავდამსხმელებს ფსევდონიმით გაეცნო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, კოორდინატორის მითითებით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავდამსხმელები რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ გაემართნენ, რომლის გადაკვეთისა და კიევში ჩასვლის შემდგომ დაპირებული ანაზღაურება უნდა მიეღოთ. უკრაინის ხელისუფლება მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტთან ყველა კავშირს უარყოფს და რუსული მხარის ბრალდებებს პროვოკაციად აფასებს.