აშშ-ში რუსეთის ელჩი - ვაშინგტონის ქმედება შედეგების გარეშე არ ჩაივლის
აშშ-ში რუსეთის ელჩი - ვაშინგტონის ქმედება შედეგების გარეშე არ ჩაივლის

აშშ-ში რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის თქმით, აშშ-ის ქმედებებს სირიაში შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ანატოლი ანტონოვი Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში წერს.

„ჩვენი ყველაზე საშიში მოლოდინი გამართლდა. ჩვენი გაფრთხილებები არ გაითვალისწინეს. წინასწარ შემუშავებული სცენარი ამოქმედდა. კიდევ ერთხელ გვემუქრებიან. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ასეთი ნაბიჯები შედეგების გარეშე არ ჩაივლის.

მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ვაშინგტონს, ლონდონს და პარიზს. რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელი და გაუმართლებელია.

აშშ-ს, რომელსაც ქიმიური იარაღის ყველაზე დიდი მარაგი აქვს, არ გააჩნია მორალური უფლება, რომ სხვა ქვეყნები დაადანაშაულოს“, – ნათქვამია ანტონოვის განცხადებაში.

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დღეს სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. მოკავშირეთა იერიშების სამიზნე სირიის ტერიტორიაზე მდებარე ქიმიური იარაღის საცავები და რამდენიმე სამხედრო ობიექტი იყო.

დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში მიმართა რუსეთს და ირანს. მისი თქმით, მათ არ უნდა დაუჭირონ მხარი ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელიც უდანაშაულო მოქალაქეებს ხოცავს.