რუმინეთის მწვრთნელმა საქართველოსთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა
რუმინეთის მწვრთნელმა საქართველოსთან წაგების მიზეზებზე ისაუბრა

რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემასრულებელმა მარიუს ტინკუმ საქართველოსთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. 2019 წლის რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა მუხებს კლუჟში 9:18 მოუგეს.

„რთული მატჩი იყო, მოგების გვჯეროდა. კარგად იცით, რომ ჩვენ ამ ტურნირზე ერთადერთი გუნდი ვართ, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ისინი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მოედანზეც ბოლომდე იხარჯებოდნენ. ჩვენმა ბიჭებმაც, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კარგად ითამაშეს, თუმცა შესვენების შემდეგ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშით და მეტოქეს ამ შეხვედრის წარმატებით დასრულების შესაძლებლობა მივეცით. ძალიან რთული მატჩი იყო, რთული წლის შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ სხვა შედეგი გვსურდა. არ დავმალავ, რომ მეც და მთელი გუნდიც გულდაწყვეტილები ვართ. თუმცა მომავალზე ვფიქრობთ, ვაკვირდებით ახალ თაობას და აქცენტს 2023 წლის მსოფლიოს თასზე ვაკეთებთ. ფაქტიურად ახლა ვიწყებთ ყველაფერს და ძალიან დიდი დრო და შრომა გვჭირდება“ – განაცხადა მარიუს ტინკუმ.