რომის პაპი - ღმერთს არ სურს ძალაუფლება, ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს, სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ქრისტეშობას, მცირედი მადლი
რომის პაპი - ღმერთს არ სურს ძალაუფლება, ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს, სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ქრისტეშობას, მცირედი მადლი

ვატიკანში საშობაო მესა რომის პაპმა ფრანცისკემ აღავლინა. წმინდა პეტრეს ტაძარში ხალხმრავლობა იყო. სადღესასწაულო მესას ასობით ადმიანი დაესწრო. კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, მათ პირბადეები ეკეთათ და დისტანციას იცავდნენ. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები და პოლიტიკოსებიც. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში ყურადღება გაჭირვებულების დახმარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ღმერთი კაცობრიობას ასწავლის, რომ ბედნიერება ყოველდღიურობაშია და არა ძალაუფლებასა და სიმდიდრეში. პონტიფიკოსმა მოუწოდა მორწმუნეებს, უფრო მეტად იზრუნონ ღარიბებზე და გაჭირვებულებზე.

„მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ წარმატების მოპოვებაში. ღმერთს არ სურს ძალაუფლება და ძალა, ის ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს. სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ქრისტეშობას – მცირედი მადლი. ღმერთი გვასწვალის, რომ მცირედით მოიპოვება სიდიადე“, – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.

უკვე ხვალ, შუადღისას კი, პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.