რომან ფიფიამ ნოვარას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს უმასპინძლა #1TVSPORT
რომან ფიფიამ ნოვარას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს უმასპინძლა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ნოვარას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს უმასპინძლა.

„თქვენმა თამაშმა და დაფიქსირებულმა შედეგმა თითოეული ჩვენგანი ძალიან გაახარა. ვამაყობ თქვენით და დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გელით. ის ჟინი და მონდომება, რაც მოედანზე აჩვენეთ, ძალიან დასაფასებელია“, – განაცხადა რომან ფიფიამ.

15-წლამდე დინამოელებმა იტალიის ქალაქ ნოვარაში საერთაშორისო ტურნირი Youth Cup-ი მოიგეს, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობდა. „დინამომ“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეტოქე დაამარცხა – „ნოვარა“ 3:0, „გოცანო“ 7:3 და „მონცა“ 3:0. ნახევარფინალში თბილისელებმა რეზო გაზდელიანისა და სანდრო მიქაუტაძის გოლებით „ჯენოას“ 2:0 სძლიეს და ფინალში გავიდნენ.

გადამწყვეტ შეხვედრაში „დინამო“ ბელგიურ „გენკს “ დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. შალვა კვარაცხელიას გაწვრთნილებმა მიზანს მეკარე სანდრო ფოლადაშვილის გოლით მიაღწიეს.