რომან დოლიძემ, შესაძლოა, სხვა წონით კატეგორიაში იბრძოლოს - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მებრძოლთან
რომან დოლიძე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. ქართველ მებრძოლს შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. 7 მოგება და არც ერთი მარცხი. თანაც რომანმა ყველა გამარჯვება ნაადრევად მოიპოვა. აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში დოლიძემ სადებიუტო ბრძოლა რუს ხადის იბრაგიმოვთან გამართა და ბრწყინვალე ნოკაუტით გაიმარჯვა. ცნობილია, რომ რომანი ოქტაგონს 22 ნოემბერს დაუბრუნდება. UFC-ში მეორე ბრძოლას ის ბრაზილიელი ჯონ ალანის წინააღმდეგ გამართავს.
რომანი ამჟამად ლას ვეგასში იმყოფება და საწვრთნელ პროცესს UFC-ის ცენტრალურ ლოკაციაზე (UFC performance institute) გადის. როგორც დოლიძესთან საუბრისას ვგებულობთ, შესაძლოა სულ მალე ქართველმა გულშემატკივარმა საინტერესო სიახლე შეიტყოს. ჩვენ რომას ლას ვეგასში დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.
– ვიცით, რომ შესაძლოა, სხვა წონით კატეგორიაშიც გამართო ბრძოლები. თუ საიდუმლო არ არის, კონკრეტულად რომელ წონით კატეგორიაზეა ლაპარაკი და რატომ მიიღე აღნიშნული გადაწყვეტილება?
– ამჟამად ვიმყოფები UFC Performance Institute-ში. აქ ყველა მიმართულებით უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები მუშაობენ და კარგი ინდივიდუალური მიდგომა აქვთ თითოეულ მებრძოლთან. ამჟამად 99 კგ-ს ვიწონი. ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონისთვის, რომელშიც ვასპარეზობ მესაჭიროება 93 კგ-ის დაფიქსირება, ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ მაქვს პოტენციალი, ერთი წონით დაბლა ანუ საშუალო წონით დივიზიონში (84 კგ, middleweight) ვიასპარეზო. ან არის მეორე ვარიანტი, რომ წონაში კიდევ მოვიმატო, იმისათვის, რომ ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში (light heavyweight) უფრო დამაჯერებელ და კარგ ფორმაში ვიყო. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს შევიცვლი თუ არა წონას, თუმცა ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ.
– ორ წონით კატეგორიაში ერთდროულად ხომ არ გეგმავ ბრძოლების ჩატარებას ?
– ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, უბრალოდ სპეციალისტების რჩევით განვიხილავთ იმ ვარიანტს რაზეც პირველ კითხვაში ვისაუბრეთ. მსურს უფრო პროფესიონალურად და სწორი კუთხით მივუდგე ყველაფერს. ამჟამად კი ვაგრძელებ ვარჯიშებს ლას ვეგასში და ალანთან ბრძოლისთვის ვემზადები.