„როიტერი“ – უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ იაროსლავში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქარხანა მოსკოვიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
„როიტერის“ ინფორმაციით, „იაროსლავნეფტეორგსინტეზზე“ (YANOS) თავდასხმამ ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა დააზიანა. სააგენტოს წყაროების ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა პირველადი დისტილაციის ბლოკი, რომლის დღიური სიმძლავრე 17 140 ტონა ნავთობია, რაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მთლიანი სიმძლავრის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.
„65 დრონი ჩამოვაგდეთ. მსხვერპლი არ ყოფილა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა და ხანძრის ჩაქრობა აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა იაროსლავლის რეგიონის გუბერნატორმა, მიხაილ ევრაევმა მომხდარის შემდეგ.
ქარხანაზე თავდასხმის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა მხარემაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 17 სექტემბრის ღამეს დაარტყა. 2024 წლის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქარხანამ 14.9 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი, 2.6 მილიონი ტონა ბენზინი, 4.0 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 4.7 მილიონი ტონა მაზუთი გადაამუშავა.