„როიტერი“ - ერაყში, ერბილის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
„როიტერი“ - ერაყში, ერბილის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ჩრდილოეთ ერაყში, ერბილის აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა, – იუწყება სააგენტო „როიტერი“.

მედიის ცნობით, ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავდასხმა ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონების საშუალებით განხორციელდა. მათი ცნობით, აეროპორტთან სამი დრონი ჩამოვარდა. თვითმხილველთა თქმით, მათ სულ მცირე ექვსი აფეთქების ხმა გაიგონეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ერბილის აეროპორტში აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის ძალებია განთავსებული, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან ერაყის შეიარაღებულ ძალებს.

ერბილის აეროპორტზე თავდასხმები ხშირად ხორციელდება, რომლებშიც აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.