„როიტერი“ - დონალდ ტრამპი ნატო-სთან დაძაბულობის ფონზე ევროპიდან ამერიკული სამხედრო ძალების ნაწილობრივ გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-სთან დაძაბულობის ფონზე ევროპიდან ამერიკული სამხედრო ძალების ნაწილობრივ გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ „როიტერი“ თეთრი სახლის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და თეთრ სახლს არ დაუვალებია პენტაგონისთვის კონტინენტზე ჯარების შემცირების კონკრეტული გეგმების მომზადება, თუმცა თავად განხილვაც კი მიუთითებს, რამდენად გაუარესდა ბოლო თვეებში ურთიერთობები ვაშინგტონსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის. ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს ვიზიტმა თეთრ სახლში ვერ შეძლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და, სავარაუდოდ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა 1949 წელს ალიანსის დაარსების შემდეგ.
ამჟამად აშშ-ს ევროპაში 80 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს. ამ ჯარებიდან 30 000-ზე მეტი იმყოფება გერმანიაში, მნიშვნელოვანი რაოდენობა კი ასევე განლაგებულია იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთში. ინფორმაციის თანახმად, ტრამპი განიხილავს ჯარების ნაწილის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას.