„როიტერი“ - ჩინეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის
„როიტერი“ - ჩინეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის

ჩინეთი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, – ამის შესახებ სტატიას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, ელექტროენერგიის სულ უფრო ხშირმა გათიშვამ მრავალი საწარმოს მუშაობა შეაფერხა, მათ შორის იმ საწარმოების, რომლებიც კომპანიებს „ეფლსა“ და „ტესლას“ ამარაგებენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ზოგიერთ ქალაქში მაღაზიებს სანთლის შუქზე მუშაობა მოუწია, სავაჭრო ცენტრებმა კი სამუშაო საათები შეამცირეს.

„როიტერის“ ცნობით, ჩინეთში ელექტროენერგიის ნაკლებობა ქვანახშირის მარაგების დეფიციტმა გამოიწვია. გამონაბოლქვის რაოდენობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, მწარმოებლებისა და ინდუსტრიის მხრიდან მზარდმა მოთხოვნამ რეკორდულად გაზარდა ქვანახშირის ფასი.

გასული კვირიდან ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მრავალ რეგიონში პიკის საათის დროს ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხდება. ქალაქების (მათ შორის ჩანჩუნის, რომლის მოსახლეობა რვა მილიონამდეა) მცხოვრებლები აცხადებენ, რომ დენი სულ უფრო ხშირად და დიდი ხნით ეთიშებათ.

27 სექტემბერს სახელმწიფო ენერგოკორპორაციამ განაცხადა, რომ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს და თავიდან აიცილებს დენის მიწოდების შეწყვეტას.

ქალაქ ჰულუდაოს ხელისუფლებამ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, არ გამოიყენონ პიკის საათებში ისეთი ელექტრომოწყობილობები, რომლებიც ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს. ქალაქ ხარბინის მცხოვრებლების ცნობით კი, ბევრი ადგილობრივი სავაჭრო ცენტრი 16:00 საათზე იკეტება.